EUGBC

DCFTA სემინარი ბათუმში

 

მიმდინარე წლის 28-29 ივლისს, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებით, ქ. ბათუმში ჩატარდა სემინარი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში  მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კონკრეტული შესაძლებლობების და რეალური სარგებლის  შესახებ.

სემინარის მიზანს წარმოადგენს  ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის DCFTA-ს ფარგლებში მიმდინარე რეფორმების და მხარდაჭერის მექანიზმების უფრო ფართოდ გაცნობა, რათა მათ გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა საკუთარი პროდუქციის წარმატებული ექსპორტისა და ბიზნესის განვითარებისთვის.  

ბათუმის გარდა, იგივე შინაარსის სემინარი ჩატარდა ქ. ქუთაისში.  სემინარები, ევროპის ფონდის მხარდაჭერით, EUGBC-ის მიერ საქართველოს 7 მუნიციპალიტეტში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ  სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ბიზნეს ასოციაციების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ევროპის ფონდისა და EUGBC-ის თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობიერების ამაღლებას ევროკავშირთან საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) შესახებ.

ევროპის ფონდი საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში აქტიურად უწყობს ხელს სამოქალაქო თანამონაწილეობას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარებას ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებში.

EUGBC-ს ორგანიზაციული მისიაა, ხელი შეუწყოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ინვესტიციებისა და ვაჭრობის გაძლიერებას და წლების განმავლობაში აქტიურ ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით.