EUGBC

DCFTA სემინარი ზუგდიდში

 

 30-31 ივლისს, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებით, ქ. ზუგდიდში ჩატარდა სემინარი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში

  მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კონკრეტული შესაძლებლობების და რეალური სარგებლის  შესახებ.

სემინარის მონაწილეებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ფარგლებში სურსათის, სოფლის მეურნეობის და ინდუსტრიული პროდუქტების წარმოების, ბაზარზე განთავსებისა და ექსპორტის საკითხებთან, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად ამჟამად ხელმისაწვდომი სამთავრობო და დონორთა დაფინანსებასთან და ინსტრუმენტებთან დაკავშირებით.

ზუგდიდის გარდა, იგივე შინაარსის სემინარები უკვე ჩატარდა ქუთაისსა და ბათუმში.  სემინარები, ევროპის ფონდის მხარდაჭერით, EUGBC-ის მიერ საქართველოს 7 მუნიციპალიტეტში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ  სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ბიზნეს ასოციაციების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ევროპის ფონდისა და EUGBC-ის თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობიერების ამაღლებას ევროკავშირთან საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) შესახებ.

ევროპის ფონდი საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში აქტიურად უწყობს ხელს სამოქალაქო თანამონაწილეობას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარებას ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებში.

EUGBC-ს ორგანიზაციული მისიაა, ხელი შეუწყოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ინვესტიციებისა და ვაჭრობის გაძლიერებას და წლების განმავლობაში აქტიურ ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით.