“ევროკავშირი – საქართველოს ბიზნეს საბჭოს” განცხადება
მსოფლიო მასშტაბით გავრცელებული კორონავირუსის ეპიდემია მნიშვნელოვნად იმოქმედებს როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკებზე. შესაბამისად, ჩვენი საზოგადოება დგას სერიოზული გამოწვევის წინაშე და საქართველოს მთავრობას მივმართავთ, რომ შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში შესთავაზოს ბიზნესს – შესაბამის სექტორებს 3 თვიანი საშეღავათო გადაწყვეტილებები, რომელთა მეშვეობითაც მცირე და საშუალო ბიზნესი იქნება დაცული.
ვინაიდან, კორონავირუსთან დაკავშირებით, უახლოეს თვეებში საქართველოში არსებულ სასტუმროებში ჯავშნების დიდი ნაწილი გაუქმებულია; ასევე საქართველოს საზღვრის კვეთისას დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები; სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით დროებით შეჩერებულია ფრენები და ახლო მომავალში მოსალოდნელია საერთაშორისო ვიზიტორების კლება, ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებული მხარდაჭერა ესაჭიროება ტურიზმსა და ჰორეკას სექტორს (HoReCa – სასტუმროები, რესტორნები, კაფეები).
აღნიშნული მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან ამ ეტაპზე სასურველია მოიცავდეს ადგილობრივი და/ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების 3 თვით გადავადებას ან შემცირებას.