შესაძლებლობები ადგილობრივი ბიზნესისთვის – სემინარი ქუთაისში
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებით, 26-27 ივლისს, ქუთაისში, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის არსებულ შესაძლებლობებზე სემინარი ჩატარდა.
სემინარის მიზანი იყო ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესი უფრო ფართოდ გაცნობოდა ევროკავშირ-საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში მიმდინარე რეფორმებს, საკუთარი პროდუქციის წარმატებული ექსპორტისა და ბიზნესის განვითარებისთვის ყველა შესაძლებლობის გამოსაყენებლად.
სემინარი ევროპის ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა ევროკავშირის-საქართველოს ბიზნეს საბჭო (EUGBC). ქუთაისის გარდა, იგივე შინაარსის სემინარი ჩატარდება საქართველოს კიდევ 7 სხვა მუნიციპალიტეტში და მასში მონაწილეობას მიიღებენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ბიზნეს ასოციაციების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ევროპის ფონდისა და EUGBC-ის თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობიერების ამაღლებას ევროკავშირთან საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) შესახებ.
ევროპის ფონდი საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში აქტიურად უწყობს ხელს სამოქალაქო თანამონაწილეობას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარებას ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებში.
EUGBC-ს ორგანიზაციული მისიაა, ხელი შეუწყოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ინვესტიციებისა და ვაჭრობის გაძლიერებას და წლების განმავლობაში აქტიურ ნაბიჯებს დგამს ამ მიმარათულებით.
„ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი DCFTA ფარგლებში არსებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, რათა ადგილობრივ დონეზე მცირე და საშუალო ზომის კომპანიებმა ეს შესაძლებლობები გამოიყენონ საკუთარი ბიზნესის გაძლიერების მიზნით“- განაცხადა ევროპის ფონდის პრეზიდენტმა, ქეთევან ვაშაკიძემ.