EUGBC

კოტე ზალდასტანიშვილი – საამაყო ადამიანი

„ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამ ორგანიზაციის დამფუძნებელისა და პირველი გენერალური მდივანის, კოტე ზალდასტანიშვილის გარდაცვალების გამო. „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ დირექტორთა საბჭოს, მენეჯმენტისა და საბჭოს წევრთა სახელით ვუსამძიმრებთ ბატონი კოტეს ოჯახს.

 

“ქართულმა დიპლომატიურმა ოჯახმა გამორჩეული ადამიანი, დიპლომატი და მოქალაქე დაკარგა – კოტე ზალდასტანიშვილი… ძალიან მიჭირს ვისაუბრო დღეს კოტეზე, როგორც ამ ქვეყნიდან უკვე წასულ ადამიანზე. ღირსება, პრინციპი, პროფესიონალიზმი, ოჯახისა და ქვეყნის სიყვარული – ეს იყო მისი ცხოვრების კრედო.
არაჩვეულებრივი მეუღლე, შვილებისთვის შეუდარებელი მამა, შვილიშვილებისთვის დაუღლელი ბაბუა… მეგობრებისთვის თავდადებული ადამიანი, რომელიც ყოველთვის მზად იყო ყურადღებისა და თანადგომისთვის. არ დამავიწყდება მისი განსაკუთრებული მონდომება და მხარდაჭერა როდესაც 2013 წელს „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოში“ თავისი მემკვიდრეობა ჩამაბარა.
ყველგან, სადაც კოტე ზალდასტანიშვილმა იმუშავა მის კოლეგებსა და მეგობრებს დაამახსოვრდათ როგორც უაღრესად მშრომელი და საქმის ერთგული ადამიანი. წარმოუდგენელი იყო მისთვის მოვალეობის ჯეროვნად შეუსრულებლობა… და შეასრულა კიდეც… მიუხედავად მძიმე და უკურნებელი სენისა, კოტე როგორც საქართველოს მოქმედი ელჩი ავსტრიაში, ბოლო წუთამდე ასრულებდა ამ საპატიო მოვალეობას და სხვაგვარად ვერც წარმოედგინა.
ვიხსენებ რა საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან ჩვენი თაობის იმ ღირსეულ წარმომადგენლებს, რომლებმაც შექმნეს თანამედროვე ქართული დიპლომატიის ისტორია, მინდა განსაკუთრებულად აღვნიშნო, რომ კოტე ზალდასტანიშვილს ამ გუნდში გამორჩეული ადგილი უკავია.
ჩემი ოჯახისა სახელით მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა და თანავუგრძნო კოტეს ოჯახს, მის მეგობრებსა და ქართულ დიპლომატიურ კორპუსს” – სანდრო ჭუმბურიძე