„ევროკავშირი–საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ განცხადება ტელეკომპანია მაესტროზე ბიზნეს გადაცემების დახურვის შესახებ.
„ევროკავშირი–საქართველოს ბიზნეს საბჭო“, როგორც საქართველოში მოქმედი ერთადერთი ევროპული ბიზნეს ორგანიზაცია, წუხილს გამოთქვამს ტელეკომპანია მაესტროზე მიმდინარე პროცესების გამო.
ვგულისხმობთ გადაცემების, „ბიზნეს კონტაქტისა“ და „საქმიანი დილის“ საეთერო ბადიდან მოხსნას და 32 თანამშრომლისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.
გვინდა აბსოლუტურად ობიექტურად აღვნიშნოთ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ჟურნალისტთა ზემოთხსენებული გუნდი მაღალპროფესიულ დონეზე და მიუკერძოებულად აშუქებდა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ეკონომიკურ მიმართულებებს. გადაცემები „ბიზნეს კონტაქტი“ და „საქმიანი დილა“ ყოველდღიურ რეჯიმში იყო ძალიან საინტერესო და ინფორმაციული.
ყველა ის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც „ევროკავშირი–საქართველოს ბიზნეს საბჭომ“ განახორციელა, აქტიურად იყო მხარდაჭრილი „ბიზნესკონტაქტის“ გუნდის მხრიდან. თუ გავიხსენებთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ ბიზნეს კონფერენციებს, ბიზნეს ფორუმებსა და ქართული პროდუქციის გამოფენებს, აღნიშნული გუნდი სიღმისეულად აშუქებდა ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის თემას და საზოგადოებამდე მნიშვნელოვანი გზავნილები მიჰქონდა.
ვფიქრობთ, რომ აღნიშნული გადაცემების დახურვა სერიოზულად დააზიანებს ქვეყანაში არსებულ ბიზნეს გარემოს და შეაფერხებს ობიექტური ინფორმაციის გავრცელებას. ამასთან, მიმდინრე პროცესები განსაკუთრებით არასასურველ შედეგებს იწვევს ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვან, წინასაარჩევნო პერიოდში.
ჩვენ მადლობას ვუხდით გიორგი ისაკაძეს და მის გუნდს „ევროკავშირი–საქართველოს ბიზნეს საბჭოსთან“ ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ჯგუფი სხვა მედია საშუალების დახმარებით გააგრძელებს პროფესიულ საქმიანობას.